წარმოშობის მითები და კოსმოგონიური მითები  

Posted by Mari in

ყოველი მითიური ისტორია, რომელიც  რაღაცის საწყისს ასახავს, კოსმოგონიას გულისხმობს და მას აგრძელებს. სტრუქტურის თვალსაზრისით წარმოშობის მითები კოსმოგონიური მითების ჰომოლოგიურნი(შესაბამისი, შესატყვისი) არიან. რადგანაც სამყაროს შექმნა განსაკუთრებული შექმნაა, კოსმოგონია ყველა ტიპის „შექმნის“ სანიმუშო მოდელად იქცევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საწყისის, წარმოშობის მითი კოსმოგონიურ მითს ბაძავს ან მისი ასლია – ვინაიდან საქმე როდი ეხება წინასწარ გააზრებულ და  სისტემატურ მსჯელობას, არამედ იმას, რომ ყოველივე ახლის გამოჩენა , ცხოველი იქნება ეს, მცენარე თუ ინსტიტუტი, რაღაც სამყაროს არსებობას გულისხმობს. მაშინაც კი როცა უნდა აიხსნას როგორ იქცა ესა თუ ის საგანი ერთი მდგომარეობიდან იმად, რასაც დღეს წარმოადგენს , „სამყარო“ უკვე იყო , თუმცა განსხვავებული სტრუქტურა ჰქონდა და ის ჯერ ჩვენი სამყარო არ იყო. წარმოშობის ყოველი მითი მოგვითხრობს და ამართლებს „ახალ სიტუაცია“. ახალს იმ გაგებით, რომ ეს სიტუაცია სამყაროს დასაბამიდანვე არ არსებობდა. წარმოშობის მითები აგრძელებენ და ავსებენ კოსმოლოგიურ მითს : ისინი მოგვითხრობენ როგორ შეიცვალა სამყარო, როგორ გამდიდრდა ან გაღარინდა იგი.
            სწორედ ამ მიზეზის გამო, წარმოშობის ზოგიერთი მითი კოსმოგონიის ესკიზით იწყება. ტიბეტელი დინასტიებისა და დიდი ოჯახების ისტორია იწყება იმის გახსენებით თუ როგორ დაიბადა ერთი კვერცხიდან კოსმოსი. „დასაბამიერის 5 ელემენტის არსიდან გამოვიდა ერთი დიდი კვერცხი...ამ კვერცხის გულიდან 18 კვერცხი. ამ 18 კვერცხს გამოეყო შუა, ნიჟარის კვერცხი. ნიჟარის კვერცხს გამოება კიდურები, ხუთი სრულყოფილი გრძნობა გაუჩნდა და ისეთი არაჩვეულებრივი სილამაზის ჭაბუკად იქცა, აღთქმის დროს რომ არიან ხოლმე. ასეც შეარქვეს მეფე იე–სმონი. დედოფალს ჩუ–იშაგს, მის მეუღლეს, ჩაესახა ვაჟი დბან იდანი , რომელსაც უნარი შესწევდა მაგიის ძალით გარდაქმნილიყო“. გენეალოგია გრძელდება, რომელიც სხვადასხვა კლანების და დინასტიების საწყისსა და ისტორიას მოგვითხრობს.
            ასევე იწყება პოლინეზიური გენიალოგიური სიმღერებიც. კუმულიპოს სახელით ცნობილი ჰავანური რიტუალური ტექსტი არის „გენეალოგიური ჰიმნი, რომელიც სამეფო გვარის საკუთრებაა და მას აკავშირებს ყველა იმ ხალხის ღმერთებთან, ვისაც თაყვანს სცემენ მონათესავე პოლონეზიური ჯგუფებიც; ცოცხალ სამყაროში დაბადებულ, სამეფო შტოდან გამოსულ და ღვთაებად ქცეულ ბელადებთან – აოებთან; ასევე მიწიერი ცხოვრების ყოველდღიურობაში სახმარ ციურ მნათობებთან , მცენარეებთან, ცხოველებთან...“ მართლაც, სიმღერა იწყება იმით, რომ იგი გამოიხმობს: 

                        „დროს, როცა მიწა ძირფესვიანად შეიცვალა,
დროს, როცა ცა შეიცვალა,
დროს, როცა მზე ამოდიოდა,
რათა მთვარისათვის სინათლე მოეფინა...“ და ა.შ.

            ამგვარ რიტუალურ, გენეალოგიურ სიმღერებს ქმნიან ბარდები და დედოფლის ორსულობის დროს და ისინი საზეპიროდ ჰულას მოცეკვავეებს გადაეცემა. მოცეკვავე ქალები და მამაკაცები ბავშვის დაბადებამდე განუწყვეტლივ ცეკვავენ და მღერიან, თითქოს მომავალი ბელადის ემბრიოლოგიურ განვითარებას თან ახლავდეს კოსმოგონიის, სამყაროს და ტომის ისტორიის გამეორება. ბელადის ჩასახვასთან დაკავშირებით სიმბოლურად “ხელმეორედ ქმნიან“ სამყაროს. გამეორება გახსენებაც არის და ცეკვა–სიმღერით იმ ძირითადი მითიური  მოვლენების  რიტუალური განამდვილებაც , რომლებიც შესაქმის დროიდან მოხდა.
            ანალოგიურ რიტუალებს და კონცეფციებს ინდოეთის პირველყოფილ მოსახლეობაშიც ვხვდებით. სანტალებთან მაგ. გურუ კოსმოგონიურ მითს წყვება თითოეული ინდივიდისადმი, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ: პირველად „როცა აღიარებენ სანტალის საზოგადოებრივ სრულუფლებიანობას (...). ამ შემთხვევაში  გურუ ყვება კაცობრიობის ისტორიას სამყაროს შექმნის დროიდან და თხრობას ამთავრებს იმ პიროვნების დაბადებით, ვისთვისაც რიტუალი სრულდება“.  იგივე ცერემონია მეორდება დასაფლავების დროსაც, მაგრამ ამჯერად გურუს, რიტუალის შემწეობით, მიცვალებულის სული სხვა სამყაროში გადაჰყავს.
            ბილებთან ვითარება ოდნავ განსხვავებულია. სამკურნალო მაგიური სიმღერებიდან მხოლოდ ერთს აქვს კოსმოგონიური მითის თვისება: ეს არის სენიორის სიმღერა. თუმცა ამ სიმღერების უმრავლესობა სინამდვილეში წარმოშობის მითებია. მაგ: „კაზუმორ დამორის“ სიმღერა, რომელიც ყველა სნეულებათა მოსარჩენად არის  მიჩნეული, ცენტრალური ინდოეთის სამხრეთში გუჟერაელ ბილ დამორის ჯგუფის მიგრაციების შესახებ მოგვითხრობს, ამგვარად, ეს არის ჯგუფის ტერიტორიული დასახლების მითი , სხვა სიტყვებით, ახალი დაწყების ისტორია სამყაროს შექმნის ასლი. სხვა მაგიური სიმღერები სნეულებათა წარმომავლობას გვამცნობენ. ეს არის თავგადასავლებით აღსავსე მითები, საიდანაც ვიგებთ სნეულებათა გაჩენის გარემოებებს, მოვლენა, რომელმაც ფაქტიურად სამყაროს სტრუქტურა შეუცვალა.
 



მირჩა ელიადა – მითის ასპექტები
© ილია ჭავჭავაძის სეხელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი2009 .

This entry was posted on Thursday, June 16, 2011 at 7:20 AM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment