მითები და მასმედია (ნაწილი მესამე)  

Posted by Mari in


ცნობილია რომ ეპიკური მოთხრობა და რომანი, როგორც ლიტერატურის სხვა ჟანრები, სხვა პლანში და სხვა მიზნებით, აგრძელებენ მითოლოგიურ თხრობას. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მნიშვნელოვანი ამბავის თხრობასთან, იმ დრამატული მოვლენების სერიის გადმოცემასთან, რომელიც, ასე თუ ისე, საარაკო წარსულში მოხდა. საჭირო არ არის გავიხსენოთ გრძელი და რთული პროცესი, რომელმაც „მითოლოგიური მასალა“ ეპიკური თხრობის თემად აქცია. ის კი ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თხრობითმა პროზამ, განსაკუთრებით რომანმა, თანამედროვე საზოგადოებებში იგივე ადგილი დაიკავა, რომელიც ტრადიციულ და ხალხურ საზოგადოებებში მითებისა და ზღაპრების თხრობას იკავა. უფრო მეტიც, ზოგიერთი თანამედროვე  რომანიდან „მითიური“ სტრუქტურის გამოყოფაც ხერხდება; შესაძლოა დიდი თემებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ლიტერატურული გადმონაშთებიც გამოვარჩიოთ. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვეობის დიდი გატაცება რომანით, ამჟღავნებს სურვილს, მოვისმინოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის დესაკრალიზებული, ან უბრალოდ პროფანული ფორმებით შენიღბული „მითოლოგიური ამბავი“

შეინიშნება მეორე მნიშვნელოვანი ფაქტიც: მოთხოვნილება წაიკითხო „ისტორიები“ და მოთხრობები,  რომელთა თხრობის მიმდინარეობა ტრადიციულ მოდელზეა აგებული. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს თანამედროვე რომანის კრიზისი, „უცხო“ სამყაროში შესვლის და „ისტორიის“ პერიპეტიების თვალის მიდევნების მოთხოვნილება, როგორც ჩანს, ადამიანური ყოფის ნაწილია და აქედან გამომდინარე, აუცილებელიც. ეს არის განსასაზღვრელად ძნელი მოთხოვნილება: ერთსა და იმავე დროს სურვილი დაუკავშირდე „სხვებს“, „უცნობებს“, გაინაწილო მათი დრამებ, იმედები და იცოდე რა შეიძლება მომხდარიყო უწინ. ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც არ მოიხიბლება „მოთხრობით“, მნიშვნელოვანი მოვლენების მოყოლით, იმით, თუ რა დაემართათ ლიტერატურული პერსონაჟების „ორმაგი რეალობით“ აღჭურვილ ადამიანებს (რომლებიც ერთდროულად ირეკლავენ თანამედროვე საზოგადოების წევრთა ფსიქოლოგიურ და ისტორიულ რეალობას და წარმოსახვითი ქმნილების მაგიურ ძლიერებას ფლობენ).



მაგრამ , ყევლაზე მეტად ლიტერატურის ფუნქციას მითოლოგიასთან აკავშირებს „დროიდან გასვლა“, რომელსაც კითხვა    განსაკუთრებით კი რომანების კითხვა ახორციელებს. დრო, რომელშიც რომანის წაკითხვისას ცხოვრობ, არ არის ის დრო, რომელსაც ტრადიციულ საზოგადოებაში მითის მოსმენისას განაახლებ. მაგრამ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ისტორიული და პიროვნული დროიდან „გამოდიხარ“ და საარაკო, ტრანსისტორიულ დროში ეფლობი. მკითხველი, უცხო, წარმოსახვითი დროის პირისპირ დგება, დროისა, რომლის რიტმი განუსაზღვრელად იცვლება, რადგან თითოეულ შხრობას თავისი საკუთარი, სპეციფიკური და განსაკუთრებული დრო აქვს. რომანს ხელი არ მიუწვდებამითების დასაბამიერ დროზე, მაგრამ, იმდენად, რამდენადაც იგი სარწმუნო ამბავს ყვება, რომანისტი მოჩვენებით ისტორიულ,შეკუმშულ, ან გავრცობილ დროს იყენებს,რომელიც წარმოსახვითი სამყაროს ყველა თავისუფლებას შეიცავს.

იბადება კითხვა: ეს სურვილი გადალახო საკუთარი, პირადი და ისტორიული დრო და ჩაეფლო „უცხო“ დროში, ექსტაზურსა და წარმოსახვითში, იქნება კი ოდესმე ამოწურული? სანამ ეს სურვილი არსებობს, შეიძლება იმის თქმაც, რომ ადამიანი ინარჩუნებს „მითოლოგიური ქცევის“ ზოგიერთ ნაშთს მაინც. ამგავრი მითოლოგიური ქცევამოჩანს სურვილშიც კვლავ მოიპოვო ის სიმძაფრე, რითაც შეიცანი ან განიცადე საგანი სულ პირველად, კვლავ გამოიხმო უშორესი წარსული, „დასაწყისების“ ნეტარი ხანა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არის იგივე მარადიული ბრძოლა დროის წინააღმდეგ, იგივე იმედი – დაუსხლტე „მკვდარი დროის“ კლანჭებს, დროისა, რომელიც გსრესს და გკლავს.


მირჩა ელიადა – მითის ასპექტები



This entry was posted on Thursday, June 16, 2011 at 1:20 PM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment