ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი მეორე)  

Posted by Mari in

პრომეთე და ჭური-მთა

    ქართველი ისტორიკოსები და ეთნოგრაფები, რომელთაც სხვადასხვა წერილობით წყაროებზე უწევთ მუშაობა, ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია ღვინის ისტორიის პარალელურია და ღვინის, პურადობისა თუ, ქართული ნადიმების თემას ვერც ერთი მკვლევარი ვერ უვლის გვერდს.
       გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: "სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი ძველი ამბავი, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდა უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თითქმის ყველა ძველი ისტორიკოსი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამა თუ იმ მეფის ცხოვრების აღწერისა და საერთოდ მათ ეპოქაზე საუბრისას, იმდროინდელი ნადიმის სცენებიც აღეწერათ და თითქმის ყველგან ჩანს, რომ მემატიანის მიერ ამ ამბების თხრობის მთავარი მიზანი, ნადიმებზე არსებული ღვინის ქებათა-ქებაა.
     რა გასაკვირია, რომ ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით კახეთის მეფეები და თავადები გამოირჩეოდნენ. ზოგიერთზე არსებობს დაუჯერებელი ლეგენდები, რომ თითქოს, 30 და მეტ ლიტრ ღვინოს სვამდნენ, რაც ნაკლებად სარწმუნოა.
გიორგი VIII


ერთი ლეგენდის თანახმად, კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს, სატახტო ქალაქიდან ახლოს მდებარე სოფლამდე თიხის მილი გაუყვანია, საიდანაც ნადიმების დროს ღვინო მოედინებოდა და მოქეიფეები ეგრევე მილიდან ივსებდნენ ჭიქებს. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ თუკი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ღვინოსთან დაკავშირებულ ამაზე ბევრად საინტერესო ლეგენდებსაც წავაწყდებით.


      ყველამ კარგად იცით ლეგენდა კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე. ამ ლეგენდას მთელს მსოფლიოში მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ მე სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მოვისმინე. სვანეთში არსებობს ერთი ძალიან პატარა მთა, რომელიც მეტად უცნაური ფორმისაა და იმერულ მოგრძო ჭურს ჰგავს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) როდესაც დასაჯა, ბოლომდე მაინც არ გასწირა და სწორედ ამ კლდეზე მიაჯაჭვა. ეს კლდე იყო ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდამჟამს ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების მანძილზე ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა. ამირანის შესახებ არსებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ლეგენდებს შორის, ეს მთა-ჭურის ლეგენდა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია მართლაც უძველესია". კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე შექმნილი ლეგენდის სვანური ინტერპრეტაციით, ადამიანს საზრდოდ მხოლოდ ღვინის წვეთების მიღებამაც კი შეიძლება შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. თუმცა, ღვინის საოცარი ძალის შესახებ არსებობს კიდევ ერთი, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ამბავი-ლეგენდა, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წმინდანს, სვიმეონ მესვეტეს უკავშირდება. სვიმეონ მესვეტემ ამა ქვეყნიდან განდგომის შემდეგ, ათეულობით წელიწადი ქვის სვეტზე, ფეხზე მდგომმა გაატარა. მის საკვებს მხოლოდ პურის მცირეოდენი ნამცეცები შეადგენდა, რომელსაც წმინდა სვიმონი ღვინოში ასველებდა და ისე ჭამდა. სვიმონ მესვეტის უდავოდ საოცარი გამძლეობის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, რწმენაა. მაგრამ, ნუ დავივიწყებთ ღვინის საოცარ თვისებებსაც, რომელმაც წმინდანს სიცოცხლე ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა.

This entry was posted on Saturday, June 18, 2011 at 5:13 AM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment