მექობაურის თავგადასავალი  

Posted by Mari in



იყო ერთი განთქმული თუში მონადირე, სახელად მექობაური. ნადირობაში ყოველთვის ბედი სწყალობდა, ამიტომაც  ყველა მონადირეს მასთან ერთად სურდა სიარული.ერთხელ მექობაურმა შეკრიბა თორმეტი კაცი, ერთმანეთზე უკეთესი მონადირეები, გაემგზავრნენ და გაუდგნენ გზას. 


ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მოხვდნენ ერთ უღრან ტყეში, სადაც მზის შუქიც კი ვერ სწვდებოდა. დაკარგეს ბილიკი, მხარი ექცათ, აღარ იცოდნენ დაით მიდიოდნენ აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით. გზის ძებნაში მიადგნენ ერთ ფართო ნაღარს, თითქოს მორი უთრევიათო, და გაჰყვნენ მას, იფიქრეს აქ სადმე სოფელი იქნებაო. ნაღარმა გველეშაპთან მიიყვანა. გაწოლილი იყო და თითქოს რაღაცას უცდიდა. რა ქნან ვერ გადააბიჯებენ. მექობაურს უთქვამს თანამგზავრებისთვის: ეს გველეშაპი გზას მაინც არ გვაძლევს, მოდი, გავყვეთ სადაც წავა, ჩვენც იქ წავიდეთო. იარეს, იარეს და მიადგნენ ერთ დიდ წყალს, ადიდებული არაგვის ოდენა იქნებოდა. რა ქნან, როგორ გადავიდნენ გაღმა? ხედავენ, გველეშაპი ხიდად გაედო მდინარეზე და ანიშნა მონადირეებს, ჩემზე გადმოდითო. პირველად მექობაური, როგორც წინამძღოლი, შედგა გველეშაპის ბოლოზე და ისევ უკან გადმოვიდა: ჯერ რბილიაო. მეორედ რომ ავიდა, ცოტა გამაგრებულიყო, მაგრამ ისევ გადმოვიდა. მესამედ რომ ავიდა, გველეშაპის ზურგი უკვე ძალზე მაგარი იყო და დაუძახა სხვებსაც, მომყევითო. ავიდნენ ყველანი გველეშაპის ტანზე და გადავიდნენ გაღმა. გაღმა მხარეს, ერთ ტაფობში ტბა მდგარა, სადაც სხვა გველეშაპი ბუდბდა და გამვლელ–გამომვლელს შეუჭმელს არ უშვებდა. ამ დროს აღელდა ტბა, აიქოჩრა და ტბიდან ერთი გორის ოდენი გველეშაპი ამოვიდა. ისე მაღლა ეჭირა თავი, რომ ნახევარი ტანი მიწაზე არ ედო. გამოექანა ეს გველეშაპი საშინელი წივილით მონადირეების მეგობარი გველეშაპისკენ, თურმე ერთმანეთის მტრობა ჰქონიათ. ისიც აიძაგრა და წავიდა მტრისკენ, თან მონადირეებს ანიშნა, მომეშველეთო.მიჰყვნენ უკან მონადირეები.შეიბნენ გველეშაპები.

 ტბიდან ამოსული ჯაბნიდა  და საბოლოოდ დაამარცხებდა, რომ მექობაურს დროზე არ შეეძახნა  თანამგზავრებისთვის: არიქა, მივეშველოთ ჩვენს გველეშაპს, თორემ ხომ უყურებთ მარცხდება, თუ მოგვიკლა სიკეთეს არც ჩვენს დაგვაყრის,ყველას ერთიანად გადაგვყლაპავსო. დატრიალდნენ მონადირეები, იშიშვლეს სატევრები და მიეჭრნენ მტერს. დაუწყეს ცემა და ბოლო მოაჭრეს,ეძგერა პატარა გველეშაპიც და მოკლეს. მადლიერმა გველეშაპმა ანიშნა კაცებ, მომყევითო, და მიჰყვნენ ისინიც. წავიდნენ და მიადგნენ ერთ უზარმაზარ სოროს, სადაც მოკლულ გველეშაპს შვილები ჰყოლია. გამაჯვებულმა შვილებიც გაუწყვიტა ერთიანად, მერე სოროდან გამოიტანა საჭურველი – თოფი, ფრანგული და სხვადასხვა აბჯარი და დაურიგა მონადირეებს.მერე სამშვიდობოზე გაიყვანა და გაისტუმრა.

ეს მითოსური ამბავი ხალხს ლექსადაც გამოუთქვამს და, როგორც ყოველი ლექსი, ესეც ლაკონურია, სხარტად გადმოსცემს ამბავს.

            ომალოს თუშისშვილებსა არა გეეგო გზისაო.

            დაგცილდა, მექობაურო, ამოსავალი მზისაო.

            ვეშაპის ნავალს შამაჰყვნენ, ნაქარ ეგონა ხისაო.

            ვეშაპ გაიდვა ხიდადა, იქნა ბრძანება ღვთისაო.

            გაუძღა მექობაური, ზედ თუშებ გამოდისაო.

            ვეშაპი დ’ ვეშაპ შაიბეს, იქნა დაქცევა ცისაო.

            „დაჰკარით, თუშიშვილებო! გულო ვისა გაქვ ცდისაო?“

            მექობაურის ფრანგული ვეშაპს მორულად სჭრისაო.

ლექსი ხევსურულ დიალექტზეა შექმნილი, თუმცა მისი პერსონაჟები თუში მონადირეები არიან.

გამომცემლობა „ ლოგოს პრესი“ ავტორები © ზურაბ კიკნაძე , ნანა ტონია.
 

This entry was posted on Saturday, June 18, 2011 at 3:58 AM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment