მითიური დრო  

Posted by Mari in

        მითიური დრო „საწყის“ და „სიზმრის“ დროს მოიცავს, რომელთაც საკუთარ ,,დროით ინტერვალებში” განხორციელებული „შესაქმის აქტები“ მიჯნავს: პირველი წმინდა კოსმოგონიურია, იგი წინარეკოსმოსურ (ქაოსურ) და კოსმოგენეზის პერიოდებს გულისხმობს. ეს ქაოსის მეუფებისა და შემდგომ მისი კოსმოსად გარდაქმნის ეპოქაა, შესაბამისად, – ყველაზე ადრეული, „საწყისი დრო“. „სიზმრის დრო“ (drem time) პირველყოფილ საზოგადოებებში ფართოდ გავრცელებული ტერმინია, განსაკუთრებული საკრალურ-პარადიგმული მითიური ეპოქის აღსანიშნავად. ავსტრალიელ აბორიგენთა ადგილობრივი ტერმინოლოგია, არანდაში – ალთირა, ალჩერა; ალურიჯაში – ჯუგური, კარაჯერში – ბუგარი, უნგარინებში – ლალაუ, უნგუდი, ვარრამუნგაში – ვინგარა, ბინბინგაში – მუნგამი, გუნვიგაში – ბუნამი და ა. შ (მელეტინსკი 1976:174; ლევი-ბრიული 1937:269), – ყველა შემთხვევაში „სიზმრის მდგომარეობისა“ და „მითიური დროის“ საერთო ნიშან-თვისებებზე მიუთითებს, რაც განსაკუთრებული სიცხადით მითოსური დრო-სივრცითი კატეგორიების ერთიან, განუცალკევებელ კონტექსტში ვლინდება.



    „სიზმრის დროც“ შესაქმეების ეპოქაა, მაგრამ არაკოსმოგენეზის. აქ სამყარო იმთავითვე მოცემული, მუდმივყოფიერი „მზა“ კოსმიური პროდუქტია (ამიტომ „სიზმრის დროში“ არ დაისმის კითხვები სამყაროს წარმოშობის ირგვლივ). მითოლოგიური აზროვნების სპეციფიკა განაპირობებს იმ მოულოდნელ ქრონოლოგიას, რომლის მიხედვით, პირველყოფილი მითოლოგიები, სწორედ, „სიზმრის დროით“ იწყება, სადაც სამყარო უკვე შექმნილია. სწორედ აქ ჩანს ყველაზე ცხადად პლატონისეული „იდეის მარადისობა“, როცა „მიზეზი უსწრებს შედეგს“. სიზმრის დროის მზა კოსმოსი „შედეგია“, „მიზეზი“ კი მაშინ გამოჩნდება როცა მოცემული კოსმოსის „არაკოსმიური“ სუბსტანცია გაცნობიერდება და გენეზისში – „საწყისთან“, რომელიც „მიზეზია“, დაბრუნება გახდება აუცილებელი. „მითიური დრო“, „მითიური სივრცე“ და „საწყისთან დაბრუნება“.


წყარო http://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/11/ხათუნა-თავდგირიძე-_-„მითი/

This entry was posted on Monday, June 20, 2011 at 6:55 AM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment